თეორიის გამოცდა
გამოცდა იტვირთება…თეორიის გამოცდის შესახებ
მართვის მოწმობის ასაღებად პირველი ბარდება თეორიის გამოცდა. გამოცდა შედგება კითხვებისგან (ბილეთებისგან), რომლებიც წინასწარ არის მომზადებული და გასაჯაროებული. რეალურ გამოცდაზე მოგივა ზუსტად ის ბილეთები, რომლებიც ამ ვებსაიტზეა განთავსებული.
თეორიის გამოცდის ჩაბარება რვა ენაზეა შესაძლებელი: ქართულად, აფხაზურად, ოსურად, ინგლისურად, თურქულად, აზერბაიჯანულად, სომხურად, რუსულად.
ბილეთები, დრო და შეცდომები
ბილეთების რაოდენობა, დრო და დასაშვები შეცდომები კატეგორიების მიხედვით განსხვავდება. ზოგი კატეგორიისთვის კი თეორიის გამოცდა და ბილეთების ბაზა ერთი და იგივეა — მაგალითად B და B1 კატეგორიებისთვის.
| კატეგორია | ბაზა | ბილეთი | შეცდომა | წუთიდრო |
|---|---|---|---|---|
| 313 | 20 | 2 | 20 წუთი | |
| 736 | 30 | 3 | 30 წუთი | |
| 898 | 30 | 5 | 30 წუთი | |
| 903 | 40 | 4 | 40 წუთი | |
| 913 | 35 | 3 | 35 წუთი | |
| 808 | 40 | 4 | 40 წუთი | |
| 822 | 35 | 3 | 35 წუთი | |
| 884 | 30 | 3 | 30 წუთი | |
| 859 | 40 | 4 | 40 წუთი | |
| 1233 | 40 | 4 | 40 წუთი |
მაგალითად: B, B1 კატეგორიის თეორიის გამოცდაში შედის ჯამში 898 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 25-ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 5 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის ხანგრძლივობა 30 წუთია.
*BE, CE, C1E, DE, D1E კატეგორიებზე, ანუ მისაბმელიან კატეგორიებზე, თეორიის გამოცდა არ ბარდება.
მინიმალური ასაკი
თეორიის გამოცდაზე გასასვლელად მინიმალური ასაკი კატეგორიების მიხედვით განსხვავდება:
- 16 წლიდან: AM, B1
- 17 წლიდან: A1, B, T
- 18 წლიდან: A2, C1, S, B + C1 (სამხედრო)
- 21 წლიდან: C, D1, Tram
- 24 წლიდან: D, A
სად ბარდება თეორიის გამოცდა
თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:
რუსთავი, გორი, თელავი, საჩხერე, ახალქალაქი, ახალციხე, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი.
თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
როდის ტარდება თეორიის გამოცდა:
- ორშაბათი–პარასკევი: 10:00-დან 16:00-მდე
- შაბათი: 10:00-დან 14:00-მდე
- კვირა: გამოცდები არ ტარდება
- ამბროლაური და ახალქალაქი: მხოლოდ პარასკევს, 11:00-დან 14:00-მდე
ჯავშანი და საფასური
თეორიის გამოცდის დაჯავშნა შეგიძლია როგორც მომსახურების სააგენტოს ფილიალში ადგილზე მისვლით, ისე ონლაინ — სააგენტოს ვებსაიტზე (sa.gov.ge) ან აპლიკაციაში (Service Agency). თეორიის გამოცდაზე გასასვლელად რიგის წინასწარი დაჯავშნა ყველა კატეგორიისთვის სავალდებულოა, გარდა AM კატეგორიისა.
გაითვალისწინე, რომ თეორიის გამოცდის ონლაინ დაჯავშნისას, კატეგორიას არ ირჩევ, არამედ ჯავშნი ზოგად თეორიულ გამოცდას. კატეგორიის არჩევა ხდება გამოცდის დღეს, მომსახურების სააგენტოს ფილიალში ადგილზე.
- თეორიის გამოცდაზე პირველი გასვლის საფასური 55 ლარია, AM კატეგორიაზე — 15 ლარი. ყოველი მომდევნო გასვლა — 40 ლარი.
- არასრულწლოვანისთვის B, B1 და A1 კატეგორიებზე პირველი გასვლის საფასური 15 ლარია იმ შემთხვევაში, თუ მართვის მოწმობა ჯერ არ აქვს.
ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.
საჭირო დოკუმენტები
მომსახურების სააგენტოში თეორიის გამოცდის დღეს უნდა წარადგინო სხვადასხვა დოკუმენტები, რაც დამოკიდებულია მართვის მოწმობის კატეგორიაზე და შენს ასაკზე.
აირჩიე კატეგორია და ასაკი — აქ გამოჩნდება შენი გამოცდის დეტალები: დოკუმენტები, ბილეთები, საფასური და ჯავშანი.
თეორიის გამოცდის მსვლელობა
- გამოცდის დაწყებამდე მომსახურების სააგენტოში სულ მცირე 15 წუთით ადრე უნდა გამოცხადდე.
- სააგენტოში კონსულტანტს უნდა წარუდგინო საჭირო დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა და ა.შ.)
- საგამოცდო ოთახში მონიტორზე უთითებ შენს პირად ნომერს და ირჩევ კატეგორიას.
- ბილეთებს პროგრამა შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს (როგორც ამ საიტზე). თითოეული ბილეთი ეკრანზე ჩანს და მასზე ერთ პასუხს ირჩევ.
- საბოლოო შედეგი ეკრანზე გამოისახება მას შემდეგ, რაც ყველა ბილეთს უპასუხებ ან გამოცდის დრო ამოიწურება — რომელიც უფრო ადრე მოხდება.
- თუ მოითხოვ, სააგენტოს თანამშრომელი შეცდომების ამონაბეჭდს გადმოგცემს.
ჩააბარე / ვერ ჩააბარე
თუ ჩააბარე
AM, T, S, Tram კატეგორიებზე პრაქტიკული გამოცდა არ ბარდება. ამიტომ თეორიის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მართვის მოწმობა უკვე აღებული გაქვს. ხოლო დანარჩენ კატეგორიებზე თეორიის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოედნის გამოცდა უნდა ჩააბარო, რომლისთვისაც ვადა 30 დღე გაქვს (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). თუ ამ 30 დღეში მოედნის გამოცდას ვერ ჩააბარებ, თეორიის გამოცდის ახლიდან ჩაბარება მოგიწევს.
თუ ვერ ჩააბარე
თეორიის გამოცდაზე თავიდან გასვლა ჩაჭრიდან 7 დღის შემდეგ შეგიძლია. ყოველ ახალ გასვლაზე რიგი თავიდან უნდა დაჯავშნო (AM-ზე დაჯავშნა არ სჭირდება). გამოცდაზე ახლიდან გასვლის საფასური 40 ლარია.
თუ თვლი, რომ უსამართლოდ ჩაიჭერი, შედეგის გასაჩივრება გამოცდიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შეგიძლია.