11520194998
top of page

AM კატეგორია

თუ გინდა, რომ მოპედით იმოძრაო და ჯერ არ გაქვს შესაბამისი მართვის მოწმობა, ალბათ გაგიგია AM კატეგორიის შესახებ. მოპედი არის ყველაზე მარტივად სამართავი და ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ტრანსპორტი ქალაქში სამოძრაოდ. ამ სტატიაში წარმოდგენილია სრული ინფორმაცია მოპედის, ანუ AM კატეგორიის მართვის მოწმობის შესახებ.

AM კატეგორია - როგორ ავიღოთ მოპედის მართვის მოწმობა?

რა არის AM კატეგორია

AM კატეგორია მოიცავს ორ სატრანსპორტო საშუალებას - ეს არის მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი. ამ ორიდან ყველაზე მეტად გავრცელებული კი არის მოპედი, ამიტომ ამ სტატიაში ინფორმაცია ძირითადად მოპედზე იქნება წარმოდგენილი.

მოპედი

არის ყველა ორ ან სამ ბორბლიანი მექანიკური ტრანსპორტი, რომლის ძრავის მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სანტიმეტრს და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს მაგრამ არ აღემატება 45კმ/სთ-ს.

მსუბუქი კვადროციკლი

არის ოთხბორბლიანი მექანიკური ტრანსპორტი, რომლის ძრავის მოცულობა, ანალოგიურად მოპედისა, არ აღემატება 50 კუბურ სანტიმეტრს და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს მაგრამ არ აღემატება 45კმ/სთ-ს.

რატომ უნდა აიღოთ AM კატეგორიის მართვის მოწმობა

  • მოპედით ქალაქში გადაადგილება ბევრად სწრაფია, ვიდრე ავტომობილით (არ ხარ საცობში).

  • ბენზინიც ნაკლები უნდა - დაახლოებით 3 ან 4 ლიტრი ყოველ 100 კმ-ზე.

  • შეგიძლია კურიერად იმუშაო.

  • შეგიძლია დამოუკიდებლად იარო სკოლაში, უნივერსიტეტში ან მეგობრებთან.

რა განსხვავებაა A1 და AM კატეგორიებს შორის?

ქართულ ზეპირმეტყველებაში სიტყვა „მოპედი“ ავტომატურად გათანაბრებულია AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასთან, თუმცა ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. მოპედი შეიძლება როგორც AM, ისე A1 კატეგორიაშიც კი გადიოდეს - და ამას წყვეტს მისი ძრავის კუბატურა. AM მოიცავს 50 კუბატურამდე მოპედებს, ხოლო 50-ზე მეტი და 125 კუბატურზე ნაკლები უკვე A1 კატეგორიაა, ანუ მსუბუქი მოტოციკლი. ამიტომ, თუ მოპედი მაგალითად 100 კუბატურიანია, მის მართვას AM კატეგორიის მართვის მოწმობით ვეღარ შეძლებთ, ამ დროს უკვე A1 კატეგორიის მართვის მოწმობაა საჭირო.

რა განსხვავებაა A1 და AM კატეგორიებს შორის
AM
A1
სიმძლავრე
< 4კვტ (კილოვატი)
< 11 კვტ (კილოვატი)
კუბატურა
< 50cc
< 125cc

როგორ ავიღოთ AM კატეგორიის მართვის მოწმობა

AM კატეგორიაზე ასაკი განსაზღვრულია - მისი მართვის მომწობის ასაღებად უნდა იყოთ მინიმუმ 16 წლის და მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ჩააბაროთ მხოლოდ თეორიის გამოცდა. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ გაქვთ ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობას, უფლება გაქვთ მართოთ AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო თუ არ გაქვთ, მისი ცალკე აღებაც შესაძლებელია.

AM კატეგორიის თეორიის გამოცდა

თეორიის გამოცდა მოიცავს 328 ბილეთს. მიუხედავად იმისა, რომ AM კატეგორიის თეორიის გამოცდა სხვა კატეგორიებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებ ბილეთს მოიცავს, მასში შეტანილია საგზაო მოძრაობის ყველა წესი.

გამოცდაზე შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 20 ბილეთი მოგივათ, რომლიდანაც მინიმუმ 18-ს უნდა გასცეთ სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 2 შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ.

აქვე აღსანიშნავია, რომ AM კატეგორიის თეორიის გამოცდაზე ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა სავალდებულო არ არის. როცა მოგესურვებათ, მიხვალთ მომსახურების სააგენტოში და მაშინვე ჩააბარებთ გამოცდას.

AM კატეგორიის თეორიის სრული მასალა შეგიძლიათ ჩვენი კურსით შეისწავლოთ.

რა უნდა წარვადგინოთ გამოცდაზე გასასვლელად?

მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოთ:

  • პირადობის მოწმობა

  • ფორმა 100

  • დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი)

    • არასრულწლოვანმა პირმა უნდა წარადგინოს ზემოთხსენებული დოკუმენტები და დამატებით გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს მშობელთან ერთად ან წარმოადგინოს მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.

საფასური

  • ფორმა 100 - დაახლოებით 30 ლარი

  • გამოცდაზე გასვლა - პირველად 15 ლარი, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 40 ლარი.

დაჩქარებული წესით მართვის მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:

სტანდარტულად, მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ ვადაზე ადრე გსურთ მისი მიღება, ეს, ბუნებრივია, ფასიანია:

  • ერთ სამუშაო დღეში დამზადების საფასური - 50 ლარი.

  • ორ სამუშაო დღეში დამზადების საფასური - 40 ლარი.

როგორ ვმართოთ AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება (მოპედი)

თუ ოდესმე ველოსიპედი გიტარებიათ, ბალანსის მხრივ მოპედის მართვაც მისი მსგავსია, თუმცა მაინც აქვს გარკვეული წესები და სხვადასხვა დეტალები, რაც უნდა იცოდე, რომ გზაზე უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად გადაადგილება შეძლო.

მოპედების უმეტესობას ერთსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს — ანუ სიჩქარეების ხელით გადართვა არ გიწევთ, უბრალოდ მარჯვენა ხელის ბერკეტს ჩამოწევთ და მიდიხართ. მართვისას აუცილებელია, რომ ორივე ხელით გეჭიროთ საჭე.

რაც შეეხება ხელის მუხრუჭებს - მარცხენა მუხრუჭი უკანა ბორბალს აჩერებს, მარჯვენა კი წინას.

დამატებითი რჩევები:

  • ყოველთვის ატარეთ ჩაფხუტი

  • გაუსწარით ყველას მარცხენა მხრიდან

  • წვიმიან ამინდში ნელა იმოძრავეთ

  • დღეც და ღამეც წინა ფარები აანთეთ

  • გამოიყენეთ სარკეები

 

და რაც მთავარია — თავდაპირველად მართვა შეისწავლეთ ისეთ ადგილზე, სადაც ნაკლებად ინტენსიური მოძრაობაა. რამდენიმე დღე სავსებით საკმარისია, რომ მოპედის თავდაჯერებულად მართვა შეძლოთ.

საუკეთესო მოპედები, რომელსაც AM კატეგორიის მართვის მოწმობით ატარებთ

Honda Dio და Honda Today

უპირატესობები:

  • მარტივი სამართავი - ავტომატური გადაცემათა კოლოფი (CVT) დაგეხმარებათ დამწყებ მძღოლებს, რომ კონცენტრირდეთ გზასა და მოძრაობაზე და არა სიჩქარეების ხელით გადართვაზე.

  • ეკონომიური - წვავს დაახლოებით 2 ლიტრ ბენზინს ყოველ 100 კმ-ზე.

  • იაფი - მეორად მდგომარეობაში Honda Dio-ს შეძენა საქართველოში შეგიძლიათ დაახლოებით 1500 ლარად.

  • გამძლე - Honda-ს ბრენდი გამოირჩევა გამძლეობით როგორც ავტომობილებში, ისე მოპედებსა და მოტოციკლებში.

​​

უარყოფითი მხარეები:

  • სიჩარე - Honda-ს Dio და Today მოდელები საკმაოდ ნელი მოპედებია, მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 45 კმ/სთ აქვთ.

  • სამუხრუჭო სისტემა - ბევრ მოდელს აქვს წინა დრუმი (დრამ) მუხრუჭი. სასურველია, დისკური წინა მუხრუჭიანი ვერსია შეიძინოთ უკეთესი გაჩერების ძალისთვის.

  • მეორადი ბაზარი - საქართველში მეორად ბაზარზე ძირითადად მაღალი გარბენის Honda Dio-ს da Honda Today-ს მოდელები იყიდება.

გამოქვეყნების თარიღი: 20.05.2025

ხშირად დასმული კითხვები

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდის სიმულაცია:
მართვის მოწმობის თეორიის გამოცდაზე რეგისტრაცია:

Martivi Teoria · მარტივი თეორია

ავტოსკოლა - მართვის მოწმობის თეორია

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok

+995 592 30 44 05

24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა

© 2025 by Martivi Teoria. All Rights Reserved

bottom of page