A კატეგორია
თუ გსურთ მოტოციკლით საქართველოს გზებზე ლეგალურად გადაადგილება, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ A კატეგორიის მართვის მოწმობა. ეს კატეგორია საშუალებას გაძლევთ ატაროთ ნებისმიერი ტიპის მოტოციკლი — მცირე მოცულობიდან დაწყებული, ძლიერ ძრავიან მოდელებამდე. ამ სტატიაში გაიგებთ ყველაფერს, რაც საჭიროა A კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად: ასაკობრივ მოთხოვნებს, გამოცდების ფორმატს, საფასურსა და იმ განსხვავებებს, რაც A, A1 და A2 კატეგორიებს შორის არსებობს.

რა არის A კატეგორია
A კატეგორია არის იგივე მოტოციკლის მართვის მოწმობის კატეგორია, მოტოციკლები კი თავისებურად განსხვავდება ერთმანეთისგან ძრავის მოცულობით, წონითა და სიმძლავრით. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს მოტოციკლის სიჩქარეს. ვინაიდან სხვადასხვა ტიპის და სიჩქარის მოტოციკლები არსებობს, ისინი ბუნებრივია იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად: A1, A2 და A. როგორც უკვე ვთქვით, A კატეგორია ნებისმიერი ტიპის მოტოციკლს მოიცავს.
მოტოციკლების სრულ უმრავლესობას მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.
რა განსხვავებაა A1, A2 და A კატეგორიებს შორის?
-
A1 კატეგორია:
არის მოტოციკლი, რომლის ძრავის მოცულობა არ აღემატება 125 კუბურ სანტიმეტრს და რომლის სიმძლავრე არის მაქსიმუმ 11 კვტ (კილოვატი).
-
A2 კატეგორია:
არის მოტოციკლი, რომლის სიმძლავრე არის მაქსიმუმ 35 კვტ (კილოვატი) და მისი სიმძლავრე შეფარდებული წონის კოეფიციენტი არის 0.2-ზე ნაკლები (სიმძლავრე/წონა < 0.2).
-
A კატეგორია:
არის ნებისმიერი ძრავის მოცულობის, სიმძლავრისა და წონის მოტოციკლი.
A1 | A2 | A | |
|---|---|---|---|
კუბატურა | < 125cc | არ არის განსაზღვრული | ∞ |
სიმძლავრე | < 11 კვტ (კილოვატი) | < 35 კვტ (კილოვატი) | ∞ |
სიმძლავრე/წონა | არ არის განსაზღვრული | < 0.2 | ∞ |
რატომ უნდა აიღოთ A კატეგორიის მართვის მოწმობა
თუ მოტოციკლს უკვე ატარებთ და შესაბამისი მართვის მოწმობა არ გაქვთ, ამისთვის 200 ან 1200 ლარით დაჯარიმდებით - პირველ რიგში სწორედ ამიტომ უნდა აიღოთ ამ კატეგორიის მართვის მოწმობა. ხოლო თუ მოტოციკლი არ გყავთ, გეტყვით მისი შეძენის რამდენიმე უპირატესობას:
-
მოტოციკლით ქალაქში გადაადგილება ბევრად უფრო სწრაფია (არ ხარ საცობში)
-
ბენზინის წვა საკმაოდ ცოტა აქვს - დაახლოებით 4 ლიტრი ყოველ 100 კმ-ზე
-
შეგიძლია კურიერად იმუშაო
-
შეგიძლია დამოუკიდებლად იარო უნივერსიტეტში ან მეგობრებთან.
-
ძრავის ხმაური და მართვის დინამიკა - რაც ბედნიერებას, მოტივაციას და ენერგიას ზრდის
ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მოტოციკლზე ჯდომა მათთვის ერთგვარი თერაპიაა, ასე რომ, A კატეგორია მხოლოდ მართვის უფლება არაა — ეს არის ერთგვარი ბილეთი თავისუფლებისთვის.
აქვე აღსანიშნავია, რომ A კატეგორიის აღების შემთხვევაში, ავტომატურად გადმოგეცემათ A1, A2 და AM კატეგორიები და ტრიციკლის მართვის უფლება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.
